გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: მამალაძის საპატრიარქოში მოყვანის საკითხი არ განიხილება

ვექტორი,

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატრიარქი ილია მეორე თავად ვერ მოინახულებს დაკავებულ დეკანოზს.

"მისი უწმიდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. რაც შეეხება საკითხს მამალაძის საპატრიარქოში მოყვანასთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ კანონმდებლობით არ შეიძლება. ასეთი სურვილის შემთხვევაში მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა მისი უწმიდესობა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი საპატრიარქოში არ განიხილება", - ამბობს ბოტკოველი ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა".

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლოა დღეს გადაიყვანონ. მისი თქმით, ამის ფიქრის საფუძველს კლინიკაში მისული სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტომანქანა აძლევს.


ფოტო: ტაბულა

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი, ექიმების გადაწყვეტილების შესაბამისად გადაწყდება. 

ცნობისთვის, ექიმის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ სტაციონარი დატოვოს. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

გიორგი მამალაძე რამდენიმე დღეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში იმყოფება. ის ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი დუმილის უფლებას სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევს. 

კომენტარები