გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე: ოცნება ჩემს ძმას წამებით კლავს, მისი გადარჩენის ბოლო შანსი ხელისუფლების შეცვლაა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის მტკიცებით, მსჯავრდებულს ციხეში არ მკურნალობენ და არც ოჯახს აძლევენ წამლების შეგზავნის უფლებას. მამალაძის თქმით, ქართული ოცნება "წამებით კლავს ჩემს ძმას და გადარჩენის გზას არ უტოვებს". ის ყველას მოუწოდებს, არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება.

"ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია, არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე.

მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება, ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ, გეფიცებით. შეიძლება, ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა.

ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ. „ოცნების“ მთავრობის დასრულება მამა გიორგის საპყრობილედან გათავისუფლებას ნიშნავს. ხვალ მისი გადარჩენის ბოლო შანსია, ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით. გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა მადლიან საქმეში, თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს შეეწევა ადამიანის გადარჩენაში თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შეცვალეთ ხვალ ეს ბოროტი ხელისუფლება, გადაარჩინეთ ადამიანი, იხსენით წამებით სიკვდილისგან ერთი რიგითი მღვდელი. გთხოვთ" - წერს თორნიკე მამალაძე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

2020 წლის 15 ოქტომბერს გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანდნენ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

"ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კომენტარები