გიორგი მამალაძის საქმე

"ჩემი დაკავება უსამართლობაა" – გიორგი მამალაძემ საპატიმრო დატოვა

შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ის "უდოს" ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

"პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება... ჩემი დაკავება არის უსამართლობა" - თქვა მამალაძემ.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მანვე აღნიშნა, რომ "ჩვენ შევეცდებით, აუცილებლად გავცეთ პასუხები იმ პასუხგაუცემელ კითხვებს,  რაც საზოგადოებაში ტრიალებს".

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ყველა სამართლებრივ მექანიზმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ მსჯავრდებული ვადაზე ადრე გათავისუფლებულიყო.

"მოხდილი სასჯელიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი პირის წერილობითი თანხმობიდან გამომდინარე და სხვა არაერთი არგუმენტიდან გამომდინარე" - ამბობს ფანცულაია.

დეკანოზს პატიმრობის სრულად მოხდამდე დაახლოებით 1 წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი. 


გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

5 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო. 

"მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას". – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.

კომენტარები