გიორგი მამალაძის საქმე

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ დროებით შიმშილობა შეწყვიტა

სახალხო დამცველი

სახალხლო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დროებით შეწყვიტა.

"ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას პროგრესი არ აქვს, უარესდება კიდეც მდგომარეობა, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, "რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები