მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ბოკერია ე.წ. ციანიდის საქმეზე: ივანიშვილის გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ" საგანგებო ბრიფინგი გამარათეს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეს გამოეხმაურნენ და პროკურატურის ის განცხადება შეაფასეს, რომლის მიხედვითაც, არც პატრიარქისა და არც მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლა არ იგეგმებოდა. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან არაერთხელ ყოფილა რელიგიური და ეკლესიის თემით სპეკულაციის მცდელობა. 

"სამწუხაროდ, წლებია, ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გუნდის მხრიდან სპეკულაციას რელიგიის, რწმენის, ეკლესიის თემაზე, ძირითადად, შავრაზმული მიმართულებით. წლებია, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ, უტიფარ ტყუილებს, გრანდიოზულ ტყუილებს, მაგრამ ამ სამარცხვინო ეპიზოდით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ გენერალურ პროკურორს არცერთი გადაწყვეტილება და არცერთი არსებითი განცხადებაც არ ექნება გაკეთებული საკუთარი გადაწყვეტილებით და ვიცით, ამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ, იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს დავალება შეასრულა. შეასრულა უტიფრად, შეასრულა ცინიკურად და დღემდე აგრძელებს საზოგადოებისთვის მორალი კითხვას," - თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერია თვლის, რომ ყველა პოლიტიკურმა ფიგურამ ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს იქნება "ტესტი" ყველა მათგანისთვის. 

"ეს იქნება ტესტი ყველა პოლიტიკური ფიგურისთვის - რომელ ბანაკშიც არ უნდა იყოს ის, დააფიქსირებს თუ არა ის პოზიციას ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ორგანიზაციას და სწორედ ამიტომ, თუკი დღესაც კი ამ ადამიანებმა ვერ გაბედეს ამ პრინციპის საკითხზე პოზიციის დაფიქსირება, ეს იქნება პოლიტიკური განაჩენი თითოეული მათგანისთვის. ჩვენ ველით ყველა პოლიტიკოსისგან გამოხმაურებას ამ პრინციპულ საკითხთან მიმართებით," - ამბობს გიგა ბოკერია.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

 

კომენტარები