მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ხოშტარია: ჩვენ ვერ მივიღებთ ხელისუფლების მხრიდან მოძალადეების წახალისებას

ტაბულა

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 23 ივლისს, 20:00 საათზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ხოშტარიას თქმით, იმ პირობებში, როდესაც ღიად მოძალადე ჯგუფები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, ხელისუფლებას ამ მოვლენაზე არანაირი რეაგირება არ აქვს. 

"პირველი, ჩვენ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, რომ საერთოდ არცკი დაეწყო გამოძიება. მერე საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია, უვადოდ გამოუძიებელი სისხლის სამართლის დანაშაულების და რაც მთავარია, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა არანაირი შეფასება ამ მოვლენის, როგორც ქვეყანაში არსებული საფრთხის, ფაშიზმის, რუსული ფაშიზმის ქვეყანაში ფეხის მოკიდების. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად გაუგებარი, განყენებული საუბარი [კახა] კალაძის მხრიდან, რომელიც საუბრობს რაღაც მორალურ კატეგორიებზე და პოლიტიკურ დავებზე,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, არის მცდელობა, რომ საქართველოში ფეხი მოიკიდოს რუსულმა ფაშიზმმა და ეს ამოაფარონ ქართველობის იდეას, "რაც არასდროს ყოფილა ქართველობა - ძალადობა და ფაშიზმი".

თათია დოლიძის საქმეზე საუბრისას, ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ეს არის კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული და ატარებს ძალიან საშიშ, კონკრეტულ კონტურებს, როგორიც არის ძალადობა და ჯგუფური გაუპატიურებით მუქარა. 

"ხელისუფლება, რომელიც ისედაც კვებავს და ახალისებს ამ ფაშისტურ ძალებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იკავებს აბსოლუტურად პასიურ, გვერდზე მდგომი ხელისუფლების პოზიციას, რაც თავისთავად არის საფრთხე, იმიტომ, რომ ეს არის წამახალისებელი მსგავსი ფაშისტური გამოვლინებების,"- თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, დააანონსებული აქციის მიზანია, ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოუწოდონ, რომ იფიქრონ იმაზე, თუ რამხელასაფთხესთან აქვს ქვეყანას საქმე, როდესაც არსებობს ნეოფაშისტური დაჯგუფებები და, მეორე მხრივ, საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო და მტკიცე პოზიცია. 
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს ძალიან მკაფიო და მტკიცე პოზიცია, რომ არ იღებს "ქართველობის" აი, ამ მახინჯ, ფაშისტურ ვერსიას და სწორედ ამიტომ, კვირას 20:00 საათზე, აღმაშენებლის მოედანზე ჩვენ ვაწყობთ აქციას, სადაც ვიტყვით, რომ ფაშიზმი საქართველოში ვერ მოიკიდებს ფეხს და სადაც ვიტყვით, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ხელისუფლების მხრიდან მოძალადეების ამ წახალისებას,"- ამბობს ხოშტარია. 

კომენტარები