ბერლინის თავდასხმა

ბერლინში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გერმანული პოლიციის მონიტორინგის ქვეშ იყო

THINKSTOCK

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 24 წლის ტუნისელი ანის ამრი გერმანიის პოლიციისთვის ცნობილი იყო. ის ჯერ კიდევ იანვრიდან იყო იმ პირთა სიაში შეყვანილი, რომლებსაც შესაძლოა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ჰქონოდათ კავშირი.

დასავლური მედიის ცნობით, გერმანიაში შესავლამდე ამრი იტალიაში 4 წელი ციხეში იჯდა.

გერმანული მედიის ცნობით კი, გერმანიაში ამრი ეჭვმიტანილი იყო ძარცვის დაგეგმვაში. ამრიზე თვალთვალი გერმანიაში მარტიდან სექტემბრამდე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის ასევე შემჩნეული იყო ბერლინის ერთ-ერთ პარკში ნარკოტიკის გაყიდვაში. თუმცა, არასაკმარისი სამხილების გამო, მასზე თვალთვალი შეწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანის ამრის გერმანიაში თავშესაფარის მიცემაზე 2016 წლის ივნისში უთხრეს უარი. დაგეგმილი იყო მისი დეპორტაციაც, თუმცა ტუნისი პროცესს აჭიანურებდა და გერმანიაში საჭირო დოკუმენტებს არ აგზავნიდა.

გერმანიის პოლიციამ თავდამსხმელის პოვნაში დახმარების ჯილდოდ €100 000 დააწესა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლდა, 49 კი დაშავდა.

კომენტარები