აშშ-რუსეთი

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბარს მართავენ

Reuters

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბარს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური კრემლი ავრცელებს.

რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ მიულოცა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება, უსურვა წარმატება და წინასაარჩევნო პროგრამის რეალიზაცია, ასევე აღნიშნა მზადყოფნა პარტნიორული დიალოგისთვის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელიც დაეყრდნობა სამართლიანობის, ორმხრივი პატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

საუბრისას ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი არა მხოლოდ შეთანხმდნენ აშშ-რუსეთის ურთიერთობის ამჟამინდელი უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი შეფასებების შესახებ, არამედ მისი ნორმალიზებისთვის აქტიური ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს. 

ხაზი გაესვა ორმხრივი კავშირის მყარი საფუძვლის შექმნის აუცილებლობას, მისი სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებით. აღინიშნა, რომ მომავალ წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 210 წელი აღინიშნება, რამაც თავისთავად ხელი უნდა შეუწყოს პრაგმატული, ორმხრივად მოგებიანი თანამშრომლობისკენ დაბრუნებას, რაც არის ორივე ქვეყნის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის ინტერესში. 

პუტინმა და ტრამპმა გაიზიარეს შეხედულება, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება ნომერ პირველ საერთო მტერთან ბრძოლაში - საერთაშორისო ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან. განიხილეს სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხი.

შეთანხმდნენ სატელეფონო კონტაქტის გაგრძელებასა და პერსპექტივაში პირადი შეხვედრის შესაძლებლობაზე, რომლის მომზადებას ორივე მხარის წარმომადგენლები დაიწყებენ.

კომენტარები