Axios-ის ინფორმაციით, აშშ და რუსეთი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც, ვადაგასული New START-ის ბირთვული შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულების პირობებს მისი ოფიციალური ამოწურვის შემდეგაც დაიცავენ.
Axios-ს ორმა წყარომ უთხრა, რომ შეთანხმების პროექტს ორივე ქვეყნის პრეზიდენტისგან დამტკიცება ჯერ კიდევ ესაჭიროება.
ამასთანავე, გამოცემას მესამე წყარომ განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებები აბუ-დაბიში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ არ დადასტურებულა.
ცნობისთვის, აშშ და რუსეთი ერთად მსოფლიოს ბირთვული ქობინების დაახლოებით 85%-ს ფლობენ. New START, რომელსაც ვადა 5 თებერვალს გაუვიდა, ბოლო მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო, რომელიც ამ ქვეყნებს ბირთვული არსენალების გამოყენებას უზღუდავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აშშ-მ სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმების გახანგრძლივებაზე რუსეთის შეთავაზება დააიგნორა.
შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა მზადყოფნაში არსებული ბირთვული იარაღის რაოდენობას არეგულირებს. მას ვადა 2026 წლის 6 თებერვალს ეწურება.
"ჩვენ იდეებს გამიზნულად აიგნორებენ. აშშ-ს ეს მიდგომა არასწორი და დასანანია" – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ განაცხადა.
პუტინის თქმით, აშშ NATO-ს საშუალებით რუსეთს შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმებს უყენებდა და ყველა პუნქტის შესრულებას სთხოვდა, როცა, მისივე მტკიცებით, ვაშინგტონი "თავის ნებაზე მოქცევას" გეგმავდა.





