უკანონო მოსმენები

ბობოხიძე: მიხეილ სააკაშვილთან ასეთი საუბარი არ შემდგარა

მეორე არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები უარყოფენ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, სადაც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს რევოლუციურ სცენარზე ესაუბრება. პარტიის წევრების განმარტებით, ის შემადგენლობა, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს, უკრაინაში წელს საერთოდ არ ყოფილა. აკაკი ბობოხიძის თქმით, მას სააკაშვილთან წელს ტელეფონით საერთოდ არ უსაუბრია.

"ბიძინა ივანიშვილი უკვე, როგორც ჩანს, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ, რომ ეს ავადმყოფი კაცი მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას. წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან, წელს ამ შემადგენლობით არ ვყოფილვართ გასული საქართველოდან, ეს საუბარი ვერ შედგებოდა ვერც ტელეფონით და ვერც პიროვნულად ვერცერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ძალიან მარტივია, სუს-ს შეუძლია, ამოიღოს საზღვრის კვეთის დოკუმენტები, ეს შემადგენლობა წელს არათუ უკრაინაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ არ ყოფილა", - თქვა კაკო ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ჩანაწერის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და "უნიჭო მონტაჟი" უწოდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყველა პირი, ვინც ჩანაწერში, სავარაუდოდ, ფიგურირებს, უნდა დაიკითხოს.

აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერი სწორედ იმ ანგარიშით აიტვირთა, რომლიდანაც გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

კომენტარები