უკანონო მოსმენები

გოგაშვილი: ოცნების მმართველობის დროს, უკანონო მოსმენებმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცებისას

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაციონალური მოძრაობის პერიოდს. გოგაშვილის თქმით, უსმენენ არა მხოლოდ ობიექტს, არამედ მის ოჯახის წევრებსა და გარემოცვას.

"ჩვენს ქვეყანაში უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას, სამწუხაროდ, საზოგადოება მიეჩვია და სათანადო ყურადღებას აღარ აქცევს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არა მხოლოდ ე.წ მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან, ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას ყველა ერიდება, თუმცა, თუ ობიექტი მის ახლობელს რაიმეს საიდუმლოდ ეტყვის, ამ უკანასკნელმა შეიძლება, ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს აძლევს საშუალებას გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი". - წერს გოგაშვილი.

გოგაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსმენებისთვის სუს-ის გარდა, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას იყენებს. მისივე თქმით, ამ სქემაში სულ 2 000 ადამიანია ჩართული.

"ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად კი შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა. ოტოს შემოწმებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა, ეს ფიქტიურია. ინსპექტორი სუს-ის უფროსს წინასწარ უკავშირდება და დაგეგმილი შემოწმების შესახებ აფრთხილებს. სუსის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმური შემოწმების დროს, უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით. ,,შემოწმება’’ დაახლოებით ორი კვირა გრძელდება. გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელების მოსმენისა, ოტო ვირუსების საშუალებით უკანონოდ უსმენს სხვადასხვა აპლიკაციას, კომპიუტერს, ლეპტოპს. ასევე, შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიებისა და ა.შ. ე.წ VIP პერსონების’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას. ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერმინისტრთან, რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა. ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა, პრემიერიდან დაწყებული, რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ". - წერს სოსო გოგაშვილი.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა. იმავე დღეს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები