უკანონო მოსმენები

"სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით სუს-ის მიერ მიყურადებაზე" – ელჩები ზალკალიანს შეხვდნენ

მარშალპრესი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში" - ნათქვამია განცხადებაში.


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. ჰარცელმა ელჩების მოსმენაზე ასევე აღნიშნა, რომ "არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

კომენტარები