უკანონო მოსმენები

კაციტაძე: საგანგაშოა ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პრაქტიკა

ნათია კაციტაძე
ombudsman.ge

სახალხო დამცველის მოადგილის ნათია კაციტაძის თქმით, ფარული მოსმენების უკანონოდ გავრცელების პრევენცია დამნაშავის დასჯაა. კაციტაძის შეფასებით, დადებითია, რომ შსს-მ გამოძიება დროულად დაიწყო, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ არცერთ ასეთ ფაქტზე აქამდე არავინ დასჯილა. სახალხო დამცველის აპარატი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელებას გამოეხმაურა.

"დადებითია, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება, თუმცა, ფაქტია, რომ დღემდე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პრაქტიკა. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და აუცილებელია, რომ ამ გამოძიებას დროულად ჰქონდეს შედეგი და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებაც და საბოლოოდ, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად იყოს მიღებული. მსგავსი ჩანაწერების გავრცელების ერთ-ერთი პრევენცია, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს, იქნება ის, რომ მსგავსი დანაშაულები ქვეყანაში აღარ დარჩეს დაუსჯელი. სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთ ასეთ ფაქტზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, არავინ არ დასჯილა",- აღნიშნა კაციტაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილისვე თქმით, ისინი ყველა მსგავს საკითხს შეისწავლიან.

"ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ვსწავლობთ და, რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლასაც. ჩვენი შესწავლა შემოიფარგლება იმით, რომ მსგავს საკითხებზე ვითხოვთ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებისგან, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და პერიოდულად ვადევნებთ თვალყურს მსგავსი გამოძიების წარმოებას", - აღნიშნა ნათია კაციტაძემ.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები