ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

სლუცკი: რუსეთის დელეგაციიდან ბევრია ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ტაბულა

კითხვას, იმყოფებოდნენ თუ არა თბილისში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის ფედერაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც უკანონოდ არიან ნამყოფი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა, რომ რუსეთის დელეგაციიდან ბევრია ნამყოფი აღნიშნულ ტერიტორიებზე, თუმცა, მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება არ ისურვა.

ამასთანავე, სლუცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გარანტიები მიიღო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რუსეთის დელეგაციის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას ეხება.

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის დელეგაციიდან ბევრია ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოდით, ნუ დავკონკრეტდებით და ნუ დავასახელებთ გვარებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუმრად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან. ესაა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის უფლებებიც და იმუნიტეტიც უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ეროვნული წარმომადგენლობის, იქნება ეს რუსეთი, საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩვენ ეუთოსგან მივიღეთ ყველანაირი გარანტია არა მარტო ამ საკითხზე, არამედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც, რაც რუსეთის დელეგაციის საქართველოს ტერიორიაზე ყოფნას ეხება. იცით, შეიძლება, ბევრი კრიტიკულად მიუდგეს ჩემს სიტყვებს, მაგრამ მე აქ ბევრი დრო გავატარე. ფაქტობრივად, თბილისში გავიზარდე. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა, ახლობელი ხალხია და პოლიტიკურ დონეზე არსებული ვერანაირი აზრთა სხვადასხვაობით ჩვენს ხალხს ვერ გავხლეჩთ", - თქვა ლეონიდ სლუცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ცხინვალის რეგიონში კი - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

კომენტარები