რუსეთი-თურქეთი

კრემლი: თურქეთის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

telegraph.co.uk

კრემლის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოდიში მოიხადა გასულ წელს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის გამო რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები და შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მაშინ ამბობდა, რომ სანქციები არ გადაიხედებოდა მანამ, სანამ თურქეთი ბოდიშს არ მოიხდიდა.

კრემლის განცხადების თანახმად, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში თქვა, რომ თურქეთს არასდროს ჰქონია სურვილი, გამიზნულად ჩამოეგდო რუსეთის სახელმწიფო თვითმფრინავი და თურქეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აღადგინოს მეგობრული კავშირი რუსეთთან.

"მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას დაღუპული რუსი პილოტის ოჯახის მიმართ და ბოდიშს ვუხდი მათ", - ნათქვამია ერდოღანის წერილში.

თურქეთს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია კრემლის განცხადებაზე.

ცნობისათვის, 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები