Check-in Georgia

2017 წელს საქართველოს მთავრობა Check-in Georgia-ს გაგრძელებას გეგმავს

Reuters

ბიუჯეტით დაფინანსებული ფართომასშტაბიანი კონცერტების პროგრამა Check-in Georgia მომავალ წელსაც გაგრძელდება, ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორს ღონისძიებათა კალენდარი დაახლოებით ერთი წლით ადრე ექნება, რათა ისინი მსხვილი ღონისძიებების მასპინძლობისთვის წინასწარ მოემზადონ. 

"მომავალ წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავმართოთ აღნიშნული ღონისძიებები და ეს უნდა იყოს მუდმივად. ქვეყანაში, რომელიც მასპინძლობს 6-7 მილიონ ტურისტს ყოველთვის უნდა ხდებოდეს ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შესაბამისად ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვხარჯავთ იმ თანხებს, რომელსაც გამოვყოფთ ბიუჯეტიდან."-ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

მთავრობამ ამ პროექტის ბიუჯეტის უკეთესად სამართავად ახალი სამთავრობო საბჭო - "ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო" შექმნა. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ახალი სამთავრობო საბჭოს შექმნის შედეგად კერძო სექტორის მონაწილეობა მსგავს პროექტებში გაიზრდება.

"ძალიან მადლიერი ვარ ჯერძო სექტორის, წელს Check-in Georgia-ში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გააკეთა კერძო სექტორმა. თუმცა რა თქმა უნდა რომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა მსგავსი პროექტების შესახებ ერთი წლით ადრე იცოდეს და პროექტები მათთან ერთად იყოს დაგეგმილი და შესაბამისად მათი კონტრიბუცია უფრო მეტი იქნება."- ამბობს ქუმსიშვილი.

Check-in Georgia-ს ბიუჯეტი წელს 29 მილიონ ლარს შეადგენს, მისი დაფინანსება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.

კომენტარები