Check-in Georgia

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება

აეროსმიტი
Rolling Stone

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება. კონცერტი 20 მაისს, სახელმწიფოსთვის ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის მიერ ნაჩუქარ - Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს. 

Aerosmith-ი აქტიური კარიერის დასრულებას სწორედ 2017 წლის ტურნეს შემდგომ გეგმავს, რის შედეგადაც Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო საერთაშორისო კონცერტი იქნება.

კონცერტის თანხებს ბიუჯეტი ე.წ. გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რის შესახებაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ სპეციალური ბრძანებაც გამოსცა.

Aerosmith-ის კონცერტს ბიუჯეტი დააფინანსებს, თუმცა 8 დეკემბერს, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტაბულას კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ კონცერტის დაფინანსების მთავარი წყარო თავად Black Sea Arena-ს საოპერაციო ხარჯები იყო.

"Aerosmith-ის კონცერტი ფინანსდება ბუნებრივია თავად დარბაზის საოპერაციო ხარჯებიდან, ნაწილობრივ, რამდენადაც მე ვიცი, ხარჯი დაიფარება ბილეთების გაყიდვით და ასევე სპონსორული თანხებით", - ამბობდა გიორგაძე.

მთავრობამ Check-in Georgia-ს ბიუჯეტის უკეთესად სამართავად ახალი სამთავრობო საბჭო - "ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო" შექმნა. ახალი საბჭოს მიზანს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

Check-in Georgia 2016 წელს 28 მილიონი ლარით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. 2017 წლისთვის პროგრამის ლაინაფიდან მხოლოდ Aerosmith-ის კონცერტია ცნობილი, თუმცა კულტურის მინისტრის თქმით, სხვა A კლასის შემსრულებელთა კონცერტების ჩატარებაც იგეგმება.

კომენტარები