Check-in Georgia

გიორგი გახარია: Check-in Georgia-ს ბიუჯეტი შემცირდება

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

"მჯერა, გაკვირვებულები იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი საბიუჯეტო კონცერტების პროგრამა Check-in Georgia-ზე, რომლის ბიუჯეტიც წელს შემცირდება. გიორგი გახარიას თქმით, Aerosmith-ის კონცერტი იქნება ბოლო, რომელსაც 100%-ით მთავრობა დააფინანსებს. 

"Check-in Georgia-ს ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე შარშან და დიდი ალბათობით შემცირდება. შემცირდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებების რაოდენობას შევამცირებთ, შემცირდება იმიტომ, რომ გავხდით ამ ღონისძიებებს კიდევ უფრო ეფექტურს. დარგის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა იყო და აეროსმიტის კონცერტის შემდეგ დაგეგმილია დღეების მიხედვით, დაგეგმილია კონცერტების რაოდენობა, რომელიც ფაქტობრივად იქნება გატენდერებული. ეს იქნება ძალიან ოპტომალურ და მომხიბვლელ პირობებში ტენდერები შეთავაზებული, რათა სხვადასხვა სააგენტოებმა, პრომოუტერებმა, არა მხოლოდ უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. მჯერა, გაკვირვებულები იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება. კონცერტი 20 მაისს, სახელმწიფოსთვის ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ნაჩუქარ - Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს. მას სრულად მთავრობა აფინანსებს.

Check-in Georgia 2016 წელს 28 მილიონი ლარით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. მის ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ A კლასის საერთაშორისო არტისტები, მათ შორის - რობი უილიამსი, Maroon 5, რომლებსაც ჰონორარი სრულად ბიუჯეტიდან გადაუხადეს. გასულ წელს საქართველოში გაიმართა კრისტინა აგილერას კონცერტიც.

კომენტარები