საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: წულუკიანის განცხადებები შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადებები მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას. მათი შეფასებით, თეა წულუკიანის განცხადებები "არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის".

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირია და მისი განცხადებები აღიქმება სასამართლოსა და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად.

"გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას. შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თქვა, რომ "ყურადღებით მოვისმენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით გამოარჩია გიგი უგულავას საქმე და ე.წ. კაბელების საქმე და დაიწყო მათი სწრაფი განხილვა მაშინ, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია გაცილებით ადრე შესული 15-მდე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი". მისივე განცხადებით, "იგივე კითხვები შეიძლება დაისვას საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საქმეებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და წყვეტს მოკლე ვადებში". წულუკიანის განცხადებით, "რიგითობის პრინციპი ირღვევა ჩემი გადასახედიდან, რადგან თუ ავიღებთ მაგალითად რუსთავი 2-ის შვიდ საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ და არ არის პასუხი იმაზე, რატომ უნდა განეხილა პირველ კოლეგიას. ეს გახლავთ ვარძელაშვილი-კოპალეიშვილი-ერემაძის ტრიო. ეს ის ხალხია, რომელიც არიან ბატონი გვარამიას პოლიტიკური ოჯახის წევრები".

კომენტარები