მკვლელობა ხურჩაში

ზაქარეიშვილი: დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელი დააკავეს

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსი ე.წ. მესაზღვრე, რომელმაც ხურჩაში 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა, დაკავებულია, ოფიციალურად არ დასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამის შესახებ ჯერ არ საუბრობენ, თუმცა, კომენტარი გააკეთა შერიგების მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ეს არის გადაუმოწმებელი, დაუდასტურებელი ინფორმაცია. მხოლოდ ერთი წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც იმყოფებოდა ხიდზე იმ დროს. ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს", - ამბობს ზაქარეიშვილი.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე."

კომენტარები