თბილისის საქალაქო სასამართლო

ყოფილ პოლიციელებს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ყოფილ პოლიციელებს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. პატრულის ყოფილი თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

თბილისის პროკურატურამ ბრალი პატრულის ყოფილ თანამშრომლებს გუშინ წაუყენა. საქმე უკანონოდ დაკავების მუხლით არის აღძრული და ეხება 2015 წლის იანვარში მომხდარ შემთხვევას. მაშინ, ალიხანაშვილმა და დავითულიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მძღოლის ალკოტესტირებისათვის ავტომობილი გააჩერეს. ბრალდებულების თქმით, პატრულის მოთხოვნას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა შეურაცხყოფითა და მუქარით უპასუხეს. საპატრულო ეკიპაჟმა ეს შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად - წვრილმან ხულიგნობად და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევად - დაარეგისტრირა.

შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ პატრულის თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ პროკურატურის მოთხოვნით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაეწერათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებოდათ. დავითულიანმა და ალიხანაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ზეწოლის ამსახველი მასალა ჩაიწერეს და შემდგომ გაასაჯაროეს.

 

კომენტარები