თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო. ერთ მათგანს 12 წლით, ხოლო დანარჩენ ოთხს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ ისლამურ სახელმწიფოში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე. ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით" - აცხადებს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი პირი სსკ-ს 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება) ცნო დამნაშავედ, ხოლო 4 პირი სსკ-ს 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა).