დაპირისპირება კოალიციაში

კახა კალაძე: ადრე თუ გვიან კოალიცია დაიშლება

ტაბულა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი კოალიცია ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიშლება. კახა კალაძე დაზუსტებით ვერ ამბობს, კოალიცია წარდგება თუ არა ერთიანი სახით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

"კითხვაზე, თუ როგორ მივალთ არჩევნებამდე - ეს იქნება ერთიან ფორმატში თუ სხვადასხვა პარტიების სახით, გიპასუხებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს, ალბათ, აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ტრაგედია და ცუდი არაფერი არ არის. პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და შესაძლებელია ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს. თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ არჩევნებზე ალბათ კოალიცია წარდგება იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს ნუ გავუსწრებთ", - ამბობს კალაძე. 

კალაძე კოალიციის ორ წევრს, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანას ნეგატიურ ფაქტად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსგავსი პრობლემები თავდაპირველად კოალიციის შიგნით პოლიტსაბჭოზე უნდა წყდებოდეს. 

"ძალიან ცუდია, როდესაც რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირება სააშკარაოდ გამოდის. თუ რაიმე პრობლემები არსებობს, მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა დალაგდეს, გადაწყდეს თვითონ გუნდში, პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს ამის განხილვა და ალბათ უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო აუცილებლად შეიკრიბება და ამ მიმართულებითაც გვექნება მსჯელობა", - ამბობს კალაძე. 

კომენტარები