მოსამართლეების ტესტირება

NGO-ები: დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ კონკურსის ცალკეულ მონაწილეებს ტესტების შინაარსი და სწორი პასუხები წინასწარ გაუმჟღავნეს. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციაა, რაც სსსკ მე-100 მუხლის თანახმად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროკურატურისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში შეუტყობინებლობა და "მოკვლევის" წარმოება ასევე შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

„როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განაცხადეს, აღნიშნული ფაქტები მათთვის ცნობილი იყო მანამდეც, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს "მოკვლევა" საბჭოში და შედეგებს გააცნობენ საზოგადოებას. გაუგებარია, თუკი საბჭოს წევრებისთვის ცნობილი იყო შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, თავმჯდომარის მიერ საჯარო განცხადებამდე, რატომ არ შეატყობინეს აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს.
არც კონსტიტუციით და არც სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებაზე განახორციელოს "მოკვლევა". სსსკ მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის გამოძიება პროკურორის და გამომძიებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროკურატურისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე, შეუტყობინებლობა და "მოკვლევის" წარმოება ასევე შესაძლოა შეიცავდეს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ების შეფასებით, მამუკა ახვლედიანის ბრიფინგამდე საბჭოს უმოქმედობამ შეამცირა მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა.

"გამოძიებით ასევე დასადგენია, საბჭოს უმოქმედობა მიზნად ისახავდა თუ არა შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოსპობას. ამას გარდა, დასადგენია, როდიდან ჰქონდა საბჭოს და კონკრეტულად მის რომელ წევრს ეს ინფორმაცია და მათი რეაგირებები რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და მსგავსი ფაქტები აზარალებს სასამართლოს პრესტიჟსა და რეპუტაციას, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა არაერთი მოსამართლე ახორციელებდეს უფლებამოსილებას, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა კანონის შესაბამისად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OSGF, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TIG, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე 2 თებერვალს ისაუბრა. ახვლედიანმა შესაბამისი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. 

 

კომენტარები