სანქციები რუსეთს

იტალიას რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხის ხელახალი განხილვა სურს

EPA

9 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარებულ კონფერენციაზე ევროპელი დიპლომატები წესით რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების 6 თვით გაგრძელებაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა გეგმა ჩაიშალა, რადგანაც ოფიციალურმა რომმა ამ საკითხზე დებატების გაგრძელება მოითხოვა.

ევროპელ დიპლომატებს ეს თემა არც 10 დეკემბრის შემთხვევაზე განუხილავთ, რაც ნიშნავს, რომ ამ საკითხის ევროკავშირის 17-18 დეკემბრის სამიტზე გადაწყვეტა ნაკლებ სავარაუდოა. შეგახსენებთ, რომ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილების ბოლო ვადა 31 იანვარია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე დებატების გაგრძელების ინიციატივა იტალიას ეკუთვნოდა, დიპლომატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უნგრეთი, ავსტრია, საბერძნეთი და კვიპროსიც შესაძლოა იმავე აზრზე იყვნენ.

იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი იმ ლიდერებს შორის იყო, ვინც თურქეთში 16 ნოემბრის სამიტზე სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ამ თემაზე დამატებითი მსჯელობის მოთხოვნა მისი მხრიდან მოულოდნელი იყო.

ევროკავშირის წყაროების ინფორმაციით, რენცის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა რამდენიმე მოტივმა იმოქმედა. არსებობს ეჭვი, რომ მას შესაძლოა სურს ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მეტი დახმარება გაწიონ კიდევ ერთი პრობლემური საკითხის - მიგრანტთა - ირგვლივ. მეორე მხრივ, შესაძლოა მას სურს დაანახოს იტალიის ბიზნეს საზოგადოებას და რუსეთს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვიზიტით იმყოფებოდა 10-11 დეკემბერს იტალიაში, რომ ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს და არ აპირებს, დანებდეს ევროკავშირის უმრავლესობას. არსებობს მესამე ვარიანტიც, რომ ის არც თუ ისე დიდი სიმპატიითაა განწყობილი ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიმართ და მისი გაღიზიანება სურს, რამდენადაც იცის, რომ ტუსკისთვის რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

კომენტარები