სანქციები რუსეთს

იტალია ითხოვს, რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხი ხელახლა განიხილონ

იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი
CHRISTIAN HARTMANN / reuters

იტალიამ რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელების საკითხის ხელახალი განხილვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საუბარია იმ ეკონომიკურ სანქციებზე, რაც ევროკავშირმა რუსეთს გასულ წელს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დაუწესა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისთვის სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივება იგეგმებოდა, თუმცა იტალიამ ამ საკითხის ხელახალი განხილვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, აშშ-სთან ერთად რუსეთს სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესა. სანქციები ძირითადად ენერგიის, ფინანსურ და თავდაცვის სექტორს შეეხებოდა. სანქციებს ვადა იანვრის ბოლოს ეწურება, მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების ბოლო ვადიდან ერთი თვის შემდეგ.

რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხს დიპლომატები სავარაუდოდ 17-18 დეკემბერს განიხილავენ.

კომენტარები