ტერორიზმი

ოზურგეთში 23 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ISIS-თან კავშირის ბრალდებით აიყვანეს

ოზურგეთის რაიონში, დაბა ნასაკირალში, სპეცოპერაციის შედეგად, 23 წლის ჯამბულ აბდულაევი სავარაუდოდ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს და არ ადასტურებს დაკავებულის შესაძლო კავშირებს ISIS-თან, თუმცა ადასტურებს აყვანის ოპერაციის ჩატარებას.

სუს-ი სავარაუდოდ მოგვიანებით გააკეთებს განმარტებებს გუშინ ღამით ამავე მიზეზით კიდევ სამი პირის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რუსთავი 2 ჯამბულ აბდულაევის ოჯახის წევრების სატელეფონო კომენტარსაც ავრცელებს. ისინი ადასტურებენ, რომ აბდულაევი ტერორისტებთან კავშირის გამო დააკავეს, თუმცა თავად ამ ბრალდების არ სჯერათ. მათივე მტკიცებით, ჩხრეკისას აღმოჩენილი მეხსიერების ბარათი, დროშა და ე.წ. ლიმონკა, სამართალდამცავებმა სახლში თავად მიიტანეს.

კომენტარები