ტერორიზმი

მიჩელი: ბრიუსელში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ნორმები მოქმედებს

premier.fgov.be

უკვე მესამე დღეა, ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის მეოთხე - უმაღლესი დონე ნარჩუნდება. ბელგიის დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტები ბრიუსელშიც აპირებენ თავდასხმების მოწყობას. სავარაუდო სამიზნეებად, საფრანგეთის მსგავსად, მასობრივი თავშეყრის ადგილები მოიაზრება. 

"რასაც ვუფრთხით, ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდება პარიზის თავდასხმების ანალოგიური ტერაქტები სხვადასხვა ლოკაციაზე. გვაქვს მინიშნებები, რომელიც მიგვითითებს, რომ ტერორისტული თავდასხმების პოტენციური სამიზნე ხალხმრავალი, მასობრივი თავშეყრის ადგილებია. ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, შევამციროთ ხალხის რაოდენობა ქუჩებში. სკოლები ბრიუსელში ხვალამდე იქნება დაკეტილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის რომ ცხოვრება ბრიუსელში, ჩვეულ რიტმში დაბრუნდეს. ბრიუსელში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ნორმები მოქმედებს. ქუჩებში სიცარიელეა, განსაკუთრებით იქ, სადაც ევროსტრუქტურები მდებარეობს. მთავარ ქუჩებზე ათასზე მეტი შეიარაღებული პოლიციელი და ჯარისკაცი პატრულირებს, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი" - აცხადებს ბელგიის პრემიერმინისტრი ჩარლზ მიჩელი.

გუშინ გვიან ღამით დაწყებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და სავარაუდოდ იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ პარიზის თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ შემსრულებელ სალაჰ აბდესლამს არ დააკავებენ. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა სალაჰ აბდესლამის გერმანიაში გაქცევის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. 

"სპეცოპერაციის დროს 16 ადამიანი დააკავეს, შემდგომი გეგმების შესახებ გამომძიებელი ხვალ გაგვაცნობს. სალაჰ აბდესლამი დაკავებულებს შორის არ არის. გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ გაგაცნობთ" - ამბობს ერიკ ვან დერ სიფტი, ფედერალური პროკურატურის ოფისის წარმომადგენელი.

კომენტარები