ტერაქტები პარიზში

ეპისკოპოსი სონღულაშვილი და ღაზი ალი ალიევი: პარიზის ტრაგედია ყველას ტრაგედიაა

Reuters

ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირების საერთო განცხადებას ავრცელებენ პარიზის ტრაგედიათან დაკავშიებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პარიზის ტრაგედია ყველას ტრაგედიაა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც ადამიანური სისასტიკის მხვერპლი გახდა პარიზის ტრაგედიის შედეგად. სამძიმარს ვუცხადებთ მათ ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს - მთელ ფრანგ ხალხს. 127 დაღუპული, 200 დასახიჩრებული და დაზარალებული ეს მხოლოდ ციფრებია. მაგრამ მათ მიღმა რეალირი ადამიანების სიცოცხლეა. თითოეული ადამიანი მთელი სამყაროა, რომელიც მოიცავს ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სიყვარულს, კონფრონტაციას ანუ ცხოვრების სრულ სისავსეს. ყურანი გვასწავლის, რომ გინდა ერთი ადამიანი მოგიკლავს, და გინდა მთელი სამყარო ამოგიწყვეტია; გინდა ერთი ადამიანი გადაგირჩენია და გინდა - მთელი სამყარო. 

პარიზის ტრაგედია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად მოწყვლადია. ადრე თუ ფუფუნება იყო სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიებს შორის დიალოგი, ახლა ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე აუცილებლობაა. ამ ტრაგედაში მსვერპლად უნდა მოვიაზროთ არა მარტო ისინი, ვინც სიცოცხლეს გამოასალმეს, არამედ ისინიც, ვინც დაგეგმა და განახორციელა ამ ტერორისტული აქტების სერიალი. ისინი ჩვენი დაჭრილი და დამახინჯებული კაცობრიობის ნაწილს წარმოადგენენ. 

ტერორისტები ცდილობენ რომ ჩვენი ყური შეაჩვიონ მათ საქმიანობას. მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, უარი ვუთხრათ ძალადობას და ტერორიზმს არა მარტო პარიზში, ლონდონში და ნიუ იორკში, არამედ ყველგან, სადაც უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება ასეთივე ადამიანების ხელით. იქნება ეს ბაღდადი, ქაბული, თუ ალეპო.... დროა, ყველამ მთელი ჩვენი ძალისხმევა კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებისა და შერიგების საქმეს მოვახმაროთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
მშვიდბის კათედრალი, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

ღაზი ალი ალიევი
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი კავკასიაში

კომენტარები