2008 წლის ომი

წულუკიანი: პრიორიტეტული იქნება არამხოლოდ ეთნიკური წმენდა, არამედ წამებაც

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას ქართული მხარე ჰააგის სასამართლოში წარადგენს შესაგებელს იმის შესახებ, რომ პრიორიტეტული იყოს გამოძიების სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ქართველი სამხედროების წამება. თეა წულუკიანის თქმით, საქმეში საქართველოს ხარვეზი არის ის, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება". მინისტრი იმედოვნებს, რომ ამის შესაძლებლობა ჰააგის პროკურორს ექნება. გარდა ამისა, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ როგორც ზურაბ ადეიშვილის, ისე მომდევნო პროკურორების პირობებში საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს საქმე ყოფილიყო გამოძიებული და "თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არ არის საქართველოს ბრალი, ეს არის ოკუპაციის ბრალი". 

"ჩვენ გავეცანით პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდისგან შედგება და გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც გვაქვს რეგლამენტით მონიჭებული და შესაგებელს წარვადგენთ, რომ გამოძიების სხვადასხვა მიმართულებაც იყოს პირველივე დღიდან პრიორიტეტული, მათ შორის ქართველი სამხედროების წამება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათთან ვითანამშრომლოთ, ამიტომ, როდესაც ქალბატონი ჰააგის პროკურორი ჩამოვა ხვალ საქართველოში, ზეგ იუსტიციის სამინისტრო, როგორც მხარე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, მას შევხვდებით და განვიხილავთ სწორედ ამ საკითხებს.

2008 წლის აგვისტოდან საქართველომ დაკითხა 6 ათასი მოწმე და ჩავატარეთ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების მანძილზე 1000 მოწმეა დაკითხული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს, რათა მას არ მოუწიოს ხელმეორედ ჩაატაროს ის ქმედებები, რაც უკვე ჩატარდა. ჩვენი მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველაფერში შევუწყობთ მათ ხელს, რათა დამტკიცდეს ის, რაც არის მომხდარი – ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედროების წამება და ძალიან სხვა ბევრი დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში განახორციელა" - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის გამოძიებაზე მოითხოვა ნებართვა მოსამართლისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული მხარე არ აპირებს აქცენტი მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე გააკეთოს.

"ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისგან, რომ ჩაატაროს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარია, რომ ეთნიკური წმენდის ნაწილი. როგორც თავად პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რიცვხვი, ამას ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ და ამაზე ვიმუშავებთ, რომ ქართველების ეთნოწმენდა ჩატარდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ის ეთნიკურად ქართველი ადამიანი, იქნება ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც აწამეს, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესესს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ, მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.

 

კომენტარები