გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: დღეს მოსამართლე ჩხიკვაძის პირით საუბრობდა ქართული ოცნება

ტაბულა

გიგი უგულავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი არის აბსოლუტურად უკანონო. ბექა ბასიალაიას თქმით, მოსამართლემ გაიმეორა თამაზ მეჭიაურის, გია ვოლსკის და სხვა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები. 

"განაჩენი არის აბსოლუტურად უკანონო, ამას წაკითხვა არც სჭირდება. ამ მოსამართლემ გიგი უგულავას არ მისცა საბოლოო სიტყვის უფლება, ამ მოსამართლემ საქმეზე მთავრი მოწმე არ დაგვაკითხინა, ამ მოსამართლემ პროკურატურას მისცა წელიწადი და 8 თვე თავისი მტკიცებულებების გამოსაკვლევად, ხოლო დაცვის მხარეს არასრული ორ თვე ნახევარი. ამ მოსამართლემ შუაღამისას, აი ახლა, თითქოსდა მოთათბირებით და მსჯელობით, სრული ფარსით მიიღო გადაწყვეტილება ერთი დღის გათავისუფლებული ადამიანის უკან, საპატიმროში შებრუნების თაობაზე. ეს არის მხოლოდ ამ მოსამართლის პრობლემა, საერთოდ არ არის ამ მოსამართლის შინაგანი გადაწყვეტილება, ეს არის ამ მოსამართლეზე ზეწოლის შედეგი. ეს მოსამართლე იყო მოწყვლადი, მასზე ზეწოლის განხორციელება არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. და რატომ, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტის თაობაზე, რომელშიც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა ადამიანი. ამ მოსამართლემ ერთი-ერთში გაიმეორა მეჭიაურის, ვოლსკის და სხვა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები. სასამართლო პროცესზე იჯდებოდა მოსამრთლე ლაშა ჩხიკვაძე თუ ამ განაჩენს წაიკითხავდა გია ვოლსკი, რომელმაც 2 დღის წინ ზუსტად იგივეზე ისაუბრა, არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა. დღეს - მოსამართლე ჩხიკვაძის პირით საუბრობდა ქართული ოცნება" - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივი მექანიზმით გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და "გიგი უგულავა არც თუ შორეულ მომავალში იქნება კვლავ თავისუფალი".

კომენტარები