გიგი უგულავას საქმე

EPP: საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას

ევროპის სახალხო პარტია (EPP) მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლებას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მართლმსაჯულების საკუთარი ინტერესების გამოყენებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისგან.

„გიგი უგულავას გაჭიანურებული პატიმრობა წარმოშობს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაში გამუდმებული პოლიტიკური ჩარევის შესახებ. მიუხედავად მართლმსაჯულების შეყოვნებისა, მივესალმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ამასთან, საგანგაშოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რწმუნებით, ის და სხვა მოსამართლეები ზეწოლისა და მუქარის ქვეშ არიან უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო.

საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და თავი შეიკავოს კანონის თავისთვის სასარგებლოდ გამოყენებისგან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების შევიწროვებისთვის. EPP მოითხოვს, რომ ყველა პოლიტიკურ პატიმარი უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლოთი, იმის გათვალისწინებით, რომ ენმ-ს კიდევ ორი ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტი ბაჩო ახალია ციხეში იმყოფებიან" - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული.

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობას შეახსენებს, რომ შერჩევითი სამართლის გამოყენება „შედეგების გარეშე" არ ჩაივლის და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს დააზარალებს.

„საქართველოს საზოგადოება თავისი მთავრობისგან ელის რეფორმების გატარებას მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რევანშის ძიების ნაცვლად. მოახლოებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ევროპული და საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება ყოფილი მაღალჩინოსნების და ოპოზიციის წევრების სასამართლო პროცესებს. ოპოზიციის განადგურება არ აქცევს საქართველოს ევროპისთვის უფრო ძლიერ პარტნიორად. მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლით, კანონის უზენაესობის პატივისცემით და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დაშვებით მიუახლოვდება საქართველო მის ევროპულ მისწრაფებებს.

ევროპის სახალხო პარტია მუდმივად აპროტესტებდა მართლმსაჯულების აშკარა ბოროტად გამოყენებას, როგორც უგულავას, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ შერჩევითი მართლსაჯულების სხვა არსებულ საქმეებში. EPP შეგახსენებთ, რომ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, საქართველოს ხელისუფლება მძიმედ არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებას. ეს ფაქტი არ ჩაივლის შედეგების გარეშე და მომავალშიც დააზარალებს ასოცირების პროცესს და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს", - ნათქვამია სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები