რამდენიმე წუთის წინ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, როდის გამოაცხადებს ჩხიკვაძე გადაწყვეტილებას რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე. თბილისის ყოფილმა მერმა უარი განაცხადა საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე, რადგან, მისი თქმით, თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას ფორმალურად წარმოთქვას სიტყვა.
"როდესაც შენი მოსმენა არ უნდათ და როდესაც ეჩქარება ადამიანს, არ უნდა დაღალო. მოსამართლემ იცის უკვე რაც უნდა ქნას, მას ჩამოუყალიბეს პოზიცია. მე აქ შემთხვევით ვდგავარ იმიტომ, რომ აღმოჩნდნენ მამაცი მოსამართლეები. ან მზის ჩასვლამდე უნდა ესიამოვნებინათ ივანიშვილი ან დილით ადრე. მზის ჩასვლამდე არ გამოდიოდა. ანუ დღეს ღამე იქნება განაჩენი, ესენი ამას მიჩვეულები არიან. ღამის პირველ საათზე გადამაყენეს მერობიდან, ახლაც ისე აკეთებენ. სახეს არ უნარჩუნებენ სასამართლოს.
ბრალდებულის უზენაესი უფლებაა საბოლოო სიტყვა თქვას და ეს ამ ადამიანებმა მიმიფუჩეჩეს. რეპლიკები უნდა ყოფილიყო და ეჩქარებოდათ პროკურორებს ჩემი დაკავება და თქვეს, რომ არ ჰქონდათ რეპლიკები. ამ ხალხს ჩემი დაჭერა ეჩქარება და ხელს არ შევუშლი", - განაცხადა უგულავამ.





