გიგი უგულავას საქმე

უგულავას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

გიგი უგულავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მის გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

ამასთან, პროკურორების მიერ დაყენებული კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დამატებით დროს ითხოვდნენ.

პროკურორებმა მანამდე ოთხი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს "გონივრული დრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად; მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა. მოსამართლე ეკა კულულაშვილმა მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და პროკურორებს გადაწყვეტილების გასაცნობად 2 საათი მისცა.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები