გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო: მოსამართლეს გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის უფლება არ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების შესახებ განცხადება გაავრცელა.

"ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლებოდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში ხელმოწერის მისაღებად" - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში ცხადდება საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.

"გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის დროისთვის, საქმის განხილვაში მონაწილე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთი, მოსამართლე მერაბ ტურავა, მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედვად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში" - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - დღეს, 17:00-ზე უნდა გამოეცხადებინა. 

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს. 

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები