ინტერპოლი

პროკურატურა: ინტერპოლმა სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადებაზე და ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ არსებული საერთაშორისო ძებნა გააუქმა. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა." - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

დავით კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის თქმით, ინტერპოლმა დღეს დაადასტურა, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური მოტივების გამო იძებნებოდა. 

დავით კეზერაშვილი ინტერპოლის სიაში 2013 წლიდან, მას შემდეგ იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში, საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობის გამო, გაათავისუფლეს. კეზერაშვილი ერთ-ერთ საქმეზე საქართველოში გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი რამდენიმე კვირის წინ, 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.

 

კომენტარები