ინტერპოლი

რუსი ჩინოვნიკის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ლიტვა და უკრაინა ინტერპოლს დატოვებენ

ალექსანდერ პროკოპჩუკი
Reuters

რუსეთის შინაგან სამინისტრომ მაღალჩინოსნის და ინტერპოლის რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელის, ალექსანდერ პროკოპჩუკის ინტერპოლის პრეზიდენტად დანიშვნის შემთხვევაში ლიტვა და უკრაინა ორგანიზაციის დატოვებით იმუქრებიან.

ლიტვის პარლამენტმა 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც "თუ პროკოპჩუკი ინტერპოლი პრეზიდენტი გახდება, ლიტვამ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ორგანიზაციის დატოვება."

ლონდონში პრესკონფერენცია გამართეს რუსმა დისიდენტმა და კრემლის ოპონენტმა ყოფილმა ნავთობმაგნატმა მიხაილ ხადარკოვსკიმ და ფინანსისტმა ბილ ბროუდერმა. მათი თქმით ინტერპოლის პრეზიდენტად პროკოპჩუკის არჩევა კრემლს გაუადვილებს ორგანიზაციის მანიპულაციას და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას.

"ასეთი ადამიანის საერთაშორისო პოლიციის ლიდერად დანიშვნა არა მხოლოდ ინტერპოლის წევრი ყველა ქვეყნის რეპუტაციას მიაყენებს დარტყმას, არამედ, ამასთანავე იქნება საფრთხე პოლიტიკური ნიშნით დევნილი ყველა პოტენციური მსხვერპლისათვის." თქვა ხადარკოვსკიმ.

შეგახსენებთ რომ ბილ ბოუდერი რუსეთში 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ხოლო 2012 წლიდან აქტიურად ლობირებდა მაგნიტსკის აქტს, რომლითაც აშშ-მა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა იმ რუს თანამდებობის პირებს, ვინც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევასთან და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში.

რუსეთმა მას გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და სწორედ პროკოპჩუკის მეთაურობით ინტერპოლის რუსულმა ბიურომ მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გამოსცა, რომელსაც 2013 წელს ინტერპოლმა "პოლიტიკური ბუნების" გამო მხარი არ დაუჭირა.

ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე პროკოპჩუკის კანდიდატურას ეწინააღმდეგება აშშ-ც, სადაც 4-მა სენატორმა, მარკო რუბიომ, კრის კუნსმა, ჯინ შაჰინიმ და როჯერ ვიკერიმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდეს შეეწინააღმდეგოს მის კანდიდატურას. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ამის გამო აშშ "საერთაშორისო ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში ჩარევაში" დაადანაშაულა.

კანდიდატურას ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთიც და მხარს მის მთავარ კონკურენტს, ინტერპოლის ამჟამინდელ ვიცეპრეზიდენტს უჭერს.

ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნები დღეს დუბაიში გაიმართება. პრეზიდენტად არჩევისათვის პროკოპჩუკს 177 წევრი ქვეყნიდან 2/3-ის ხმა სჭირდება.

დელეგატებმა მენგ ჰონვეის შემცვლელი უნდა აირჩიონ, რომელიც ჩინეთში ოქტომბერში გაუჩინრდა, მოგვიანებით კი ჩინეთის მთავრობამ თქვა, რომ ჰონვეი კორუფციის ბრალდებით​მათ დააკავეს. 

პროკოპჩუკის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ბოლო წუთს გახდა. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კრემლი დარწმუნდა, რომ საკმარისი ხმების მიღებას შეძლებდა. 

კომენტარები