ევროზონის კრიზისი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას უჭერს მხარს

ვოლფგანგ შოიბლე 11 ივლისს გამართულ მინისტერიალზე
faz.net

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე საბერძნეთის ევროზონიდან დროებით, ხუთი წლით გასვლას უჭერს მხარს, მისი თქმით საბერძნეთის დაპირებების ნდობა არ შეიძლება. გუშინ გამართული ფინანსთა მინისტრების ცხრა საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს, ბრიუსელში ევროპის 28 ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკებები გაიმართება, რომელზეც გადაწყდება დაუჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს ალექსის ციპრასის მიერ წარმოდგენილ რეფორმების პროგრამას, სადაც ის ფისკალური რეფორმების სანაცვლოდ ევროპისგან დამატებით €53 მილიარდს მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ საბერძნეთის მოსახლეობამ მსგავსი რეფორმების გატარების პაკეტს რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა. 

დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა საბერძნეთი 2010 წლის შემდეგ მესამე ფინანსური დახმარების პაკეტს. ანალიტიკოსების შეფასებით იმისთვის, რომ საბერძნეთმა ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს არა €53 მილიარდი, არამედ მინიმუმ €74 მილიარდია საჭირო. The New York Times-ის ცნობით საბერძნეთმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის შედარებით კომპრომისული თანხა მოითხოვა. თუკი საბერძნეთს მაინც დაუმტკიცდა ფინანსური დახმარების ახალი პროგრამა ის ამ თანხას ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან ESM მიიღებს. 

ევროზონის ფინანსთა მინისტრების ნაწილი, მაგალითად საფრანგეთისა და იტალიის მინისტრები მხარს უჭერენ საბერძნეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის გეგმას, რომლის მოწინააღმდეგენიც გერმანიის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ფინანსთა მინისტრები არიან. ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის ერიკ ვიბესის თქმით ევროზონის მრავალი სახელმწიფოს მთავრობა და მათ შორის ნიდერლანდებიც საკმაოდ ეჭვით უყურებს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ პროგრამას. 

საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი პროგრამის მხარდამჭერებს შორის ევროკავშირის კომისარი ეკონომიკურ საკითხებში პიერ მოსკოვისია, საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოსკოვისის თქმით, საბერძნეთმა წარმოადგინა რეფორმათა მნიშვნელოვანი პაკეტი, რაც ქვეყნისგან მოლაპარაკებების განახლებისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუკი დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა მხარდაჭერილი არ იქნება, ეს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მთავრობა ბანკების ორ კვირიან იძულებით დასვენებას კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივებს. 

საბერძნეთი უკვე იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვადაგადაცილებული დავალიანების მდგომარეობაში, რადგანაც ქვეყანამ 30 ივნისს არ გადაიხადა €1.6 მილიარდიანი ვალი.  20 ივლისს კი ქვეყანამ ევროპის ცენტრალური ბანკის ECB-ის €3.5 მილიარდიანი ვალი უნდა გადაიხადოს, რომლის გადაუხდელობის შემმთხვევაში ქვეყანა დეფოლტში აღმოჩნდება, რის გამოც ცენტრალური ბანკი შეაჩერებს ბერძნული ბანკების ფინანსური დახმარების €90 მილიარდიან პროგრამის, რაც უკვე დაზიანებული ბერძნული საბანკო სისტემისთვის სრული კოლაფსი იქნება და ავტომატურად გამოიწვევს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას, რადგანაც ამ პროგრამის გარეშე ბერძნული საფინანსო სისტემის ლიკვიდობა მინიმუმადე დავა, რის დასაბალანსებლადაც მთავრობას ალტერნატიული ვალუტის დრაქმის შემოღება მოუწევს.

საბერძნთეს საერთაშორისო კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევრო მართებს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 177%-ია. თუკი ევროპის ლიდერებმა დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე მხარი დაუჭირეს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ პროგრამას ვალის მოცულობა კიდევ  €53 მილიარდით გაიზრდება. 

მსოფლიოს ქვეყნებს შორის საბერძნეთზე მაღალი საგარეო ვალი მხოლოდ იაპონიას აქვს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 245%-ს შეადგენს. 

 

კომენტარები