ევროზონის კრიზისი

ევროზონის ბანკების დასახმარებლად 120 მილიარდი ევრო გამოიყოფა

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა მიაღწიეს კომპრომისს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაეწიოს ფინანსური მხარდაჭერა ევროზონის რთულ ვითარებაში მყოფ ბანკებს.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბანკების დასახმარებლად სახსრები საერთო ევროპული ფონდიდან გამოიყოფა. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პუნქტი იმაში მდგომარეობს, რომ გაწეული ხარჯები შემდეგ კონკრეტული ქვეყნების სახელმწიფო ვალს არ მიემატება.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ევროზონის ეკონომიკური სტიმულირებისთვის 120 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ეს თანხა, პირველ რიგში, ბანკების რეკაპიტალიზაციას მოხმარდება.

BBC - ის ინფორმაციით, იტალია და ესპანეთი, რომლებიც შემაჯამებელი დოკუმენტის ხელმოწერის ბლოკირებას ახდენდნენ, საბოლოოდ დათანხმდნენ ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტის ხელმოწერას. 

13 საათიანი მოლაპარაკებების პერიოდში იტალია და ესპანეთი უარს ამბობდნენ, მიეღოთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი და სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითხოვდნენ.

 

კომენტარები