ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების მიზნით მთავრობა სახელმწიფო კომისიას ქმნის. ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, კომისიას თავად უხელმძღვანელებს, მის მუშაობაში კი მსოფლიოში ცნობილი კომპანიები და ექსპერტები ჩაერთვებიან.
"სტიქიის შედეგების დროული და ეფექტური აღმოფხვრის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებულ პრობლემას ვაკვირდებით, თუმცა მის აღმოსაფხვრელად არცერთი ხელისუფლება არ რეაგირებდა ადეკვატურად. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ექსპერტებთან, რომლებმაც საკმაოდ ვრცელი და დეტალური პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს. მდინარე ვერე საკმაოდ რთული მდინარეა. სამწუხაროდ, ბოლო მთავრობებმა პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადეს ბუნებას, ეს კი ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამის ნათელი დადასტურებაა წინა მთავრობის, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუგებარი ახირება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. სწორედ მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და აღარ გავიმეოროთ შეცდომები.
დაპირებისამებრ, ჩვენ ვქმნით სახელმწიფო კომისიას, რომელშიც ჩაერთვებიან მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, გეოლოგები, არქეოლოგები, ურბანისტები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ სამუშაოები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მდინარის და ხეობის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ იწყებს ძირეული პროექტის განხორციელებას, რათა მსგავსი კატასტროფა აღარასდროს განმეორდეს და ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
"კომისიას მე თვითონ ვუხელმძღვანელებ, ქალაქის მერი კი იქნება თავმჯდომარის მოადგილე. ჩვენ დავიქირავებთ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ კომპანიებს, ასევე ექსპერტებს ჩავრთავთ ამ სამუშაოებში. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უნდა განვახორციელოთ სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია. უნდა შევინარჩუნოთ სწორი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტირების და შემდგომში მშენებლობის მიზნით. ასევე, უნდა უზრუნველვყოთ სტიქიის შედეგად მიენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია", - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის თაობაზე მთავრობის დადგენილება მზადაა და მას მინისტრთა კაბინეტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.





