თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა.
"თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ზოგიერთ რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონშია. ასევე, სხვადასხვა კონკრეტული ქუჩებია, სადაც ხეების დაზიანება მოხდა - კონკრეტული სივრცეები დაიტბორა. თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და სამუშაოებს ახორციელებს [...] ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო და მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება". - თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მერიის განცხადებით, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, საჭიროების შემთხვევაში კი მერიის ცხელ ხაზზე ( 2 72 22 22) დარეკონ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები არაერთ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც თბილისის დატბორილი ქუჩები ჩანს.