ტერორიზმი

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე 1979 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი, ხოლო თბილისში, 1993 წელს დაბადებული გიორგი კ, 1996 წელს დაბადებული გიორგი ხ. და 1991 წელს დაბადებული დავით ფ. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო"-ს წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეებს იბირებდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

"დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აერპოპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბოლში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, "ისლამური სახელმწიფო"-ს რიგებში გადავიდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. სამართალდამცველებმა გიორგი კ. თბილისში დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებით და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტეროტისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, გიორგი ხ. და დავით ფ. დააკავეს. აღნიშნული პირები ასევე აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით.

კომენტარები