საქართველოს ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: რომ არა სებ-ის პრინციპული პოზიცია, ზიანი იქნებოდა გაცილებით დიდი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ბოლოდროინდელი განცხადებები არის უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი - ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი, ქვეყნის ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები და საქართველოს მოქალაქეების რეალური შემოსავალი. გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილ პრემეირმინისტრს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს უპასუხა.

"დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების, ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების და კონკრეტული პრობლემების ირგვლივ. ამის ნაცვლად, კვლავაც გრძელება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ჯერ იყო მოთხოვნა, დაგვეხარჯა ჩვენი სავალუტო რეზერვი, რაც მოგვცემდა მხოლოდ რამდენიმეთვიან ეფექტს და გამოიღებდა სავალალო შედეგს. შემდეგ იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ლარის გაუფასურება გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდით, შედეგ იყო ბრალდებები, თითქოს ადგილი აქვს ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს და სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს. როგორც კი იწყება სერიოზული დისკუსია ამ საკითხებზე, ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არა ეროვნული ბანკის ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ზიანი, რომელსაც მიიღებდა ჩვენი მოსახლეობა და ქვეყნის ეკონომიკა, იქნებოდა გაცილებით დიდი, რომლის გამოსწორებასაც დასჭირდებოდა მრავალი წელი. ეს შეცდომები უკვე დავუშვით ერთხელ 90-იან წლებში და ამ შეცდომების გამეორებას ვერ დავუშვებთ ვერაფრის ფასად", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას და მოუწოდა, რაც შეიძლება, სწრაფად მოაწეროს ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას.

"შეთანხმება, ერთი მხრივ, დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის ირგვლივაც გაშენდება სამოქმედო გეგმა, რაც არის აუცილებელი წინაპირობა ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შენარჩუნების. საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რაზეც მრავალი თვეა ვსაუბრობთ, ჩვენ არ გვაქვს გადაბრალების და კუდიანებზე ნადირობის დრო. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა მხარეს, შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ეს არის საზიანო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის, ეს არის საზიანო ჩვენი ინვესტორების განწყობისთვის, ეს არის საზიანო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და დონორების გეგმებთან დაკავშირებით, გააღრმაონ კავშირები ჩვენს ქვეყანასთან და, საბოლოო ჯამში, ეს არის საზიანო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქართუ ბანკის საქმეზე IMF-ის წარმომადგენელმა სთხოვა, გიორგი ქადაგიძისთვის "ეპატიებინა". ივანიშვილის თქმით, რადგან ქართუ ბანკი მისი პირადი საკითხი იყო, საერთაშორისო საერთაშორისო წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და მთხოვა პირად შეხვედრაში და ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ამ დროს ქართუ ბანკი.. და იცოდნენ მათაც, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არ არის - "ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ, აპატიოთ". მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია, ეს გავაკეთო და მართლაც, პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, გიორგი ქადაგიძესაც შვხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერც ერთნაირად ხელს ვერ დავაფარებდი. როგორც ჩანს, მას აქვს კიდევ დარღვევები. თუმცა, ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები