საქართველოს ეროვნული ბანკი

Global Finance თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით აფასებს

გამოცემა Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.

გამოცემა თურნავას საქმიანობას D ქულით აფასებს, მის შემდეგ ყველაზე დაბალი ქულა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ადამ გლაპინსკის აქვს – C. სიას კი დანიისა და შვეიცარიის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ლიდერობენ, მათ A+ დაიმსახურეს.

"ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იყო შეფასებული, თუმცა, ეს მისი ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რადგან ის და ეროვნული ბანკი მუდმივად ჩათრეულნი არიან მწვავე პოლიტიკურ დისკუსიებში.

კითხვები გაჩნდა მისი 2023 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს სასამართლო გამოიტანს. საქმე ეხებოდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს. მისმა სადავო პოზიციამ ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის 3 პირის გადადგომა გამოიწვია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას გადადგომისკენ მოუწოდებდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ასევე, გასულ მაისში, თურნავა იძულებული გახდა დაეხარჯა უცხოური ვალუტა ლარის მხარდასაჭერად, მიუხედავად ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის, პრეზიდენტისა და ევროკავშირის ძლიერი წინააღმდეგობისა, რომელმაც საქართველოსთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ეს მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების პიკის დროს, რომელიც ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. Fitch Ratings-ის მონაცემებით, საერთაშორისო რეზერვები, რომელიც 2023 წლის აგვისტოში 5.4 მილიარდი დოლარს აღწევდა, 2024 წლის ივნისში 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ეს კლება თურნავას თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაიწყო.

მას არაფერი გაუკეთებია, რათა გაეფანტა წუხილები მის ქმედებასთან დაკავშირებით [სანქციების აღსრულების წესის ცვლილება] და მისი მმართველ პარტიასთან სიახლოვის შესახებ, რამაც შეარყია მის მიმართ ნდობა". - წერს Global Finance თურნავას შესახებ.

კომენტარები