საკონსტიტუციო სასამართლო

უსუფაშვილი: გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს ეხება. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ორი წლის წინ იყო შესული.

„მე მინდა მკაფიოდ განვაცხადოთ ის, რომ ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში, მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში ეს არის კონსტიტუციით დადგენილი ნორმა. სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რა პრინციპების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ოლქების საზღვრების დადგენა, ანუ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დებულებები საარჩევნო კოდექსში ბოლო 20 წლის განმავლობაში ფიგურირებს და ეს სისტემა წინა რამდენიმე ხელისუფლებამ შემოიღო.

„ჩვენ, კოალიცია ქართულ ოცნებას ამ საკითხზე გვქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი გასასწორებელია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ  და უახლოეს ხანებში, საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ჩვენ ამ საკითხზეც გვექნება, რა თქმა უნდა, ადეკვატური გადაწყვეტილებები, რაც საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციას, პოლიტიკურ წრეებში, საზოგადოებრივ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის განწყობებს შეესაბამება, იმისთვის, რომ არჩევნები იყოს უფრო და უფრო სამართლიანი, თანასწორი და ეს პროცესი იყოს, რაც შეიძლება, ახლოს ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები