მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტზე ინტერპოლის პასუხს ამ დრომდე ელოდება

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, პროკურატურა ამ დრომდე ელოდება ინტერპოლის პასუხს და მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყების სურვილი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. 

"ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით იცით და ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას არცერთი დღით, არცერთი წუთით არ შევწყვეტთ", - თქვა გოგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოვიდა თუ არა ინტერპოლისგან პასუხი, მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ არ მოსულა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლატვიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაიმართება. სააკაშვილი ფორუმს სტუმრის სტატუსით დაესწრება. სამიტზე მიიღებენ დეკლარაციას, რომელშიც საქართველოს შესახებაც იქნება საუბარი.

კომენტარები