ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას" - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას რამდენიმე საქმეზე აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მათ შორის, შეკრებითობის პრინციპითაც - ჯამში 12 წლითა და 6 თვით.





