ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივამედიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა.
"მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია. ამ გადაწყვეტილებას ორი საფუძველი აქვს. ერთი, ეს არის ის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე, ივანიშვილის მთავარი მეტოქე, პერსონალური და პოლიტიკური მტერი დღესაც სააკაშვილია. ეს იმითაა განპირობებული, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში - ახლა უკვე ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნების სახელმწიფოებრიობა მტერს არ ჩააბარეს.
და მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ მიიქციოს დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის ყურადღება. თქვენ გახსოვთ, რომ აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილი ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორად მოიხსენიეს და ახლა, დიქტატურის კონსოლიდაციით, ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, ის თავად შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად აშშ-ს [...] თუმცა, ივანიშვილი ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც საქართველოს ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ, ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, რომ დასავლეთთან და აშშ-სთან ისეთი სამომლაპარაკებლო პოზიცია ჰქონდეს, როგორიც ლუკაშენკოს აქვს". - თქვა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ბოკუჩავას თქმით, მათი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და ერთიანობა.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 12 ნოემბერს, კლინიკა ვივამედიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას რამდენიმე საქმეზე აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მათ შორის, შეკრებითობის პრინციპითაც - ჯამში 12 წლითა და 6 თვით.





