საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა შეთქმულების თეორიების განვითარება არ უნდა დაიწყონ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პირველ რიგში მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, რაც მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს. გიორგი ქადაგიძემ ამ განცხადებით საქართველოს ვიცეპრემიერს, კახა კალაძეს უპასუხა, რომელმაც გუშინ ტელეკომპანია GDS ეთერში გადაცემა 20/30-ში თქვა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში შესაძლო დამნაშავეები კომერციული ბანკები არიან და მათი ფინანსური ტრანზაქციები გაუმჭვირვალეა. გიორგი ქადაგიძის თქმით, ასეთი განცხადება თავად ამ ბანკების მიმართ არის არასწორი, რადგან ამ ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორები წლების განმავლობაში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, როგორიც, მაგალითად, EBRD-ია.
"როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, იმიტომ, რომ ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი. მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას ავითარებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამაზე ერთადერთი კომენტარი ალბათ არის ის, რომ უხერხულია, უბრალოდ, და მეტი არაფერი, როგორც მინიმუმ. განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე. ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მთავარი კრედიტორი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD. თუნდაც ის ბანკი, რომლის ფორუმზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. რამდენად უწყობს ეს ამას ხელს, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ქადაგიძემ.





