თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოსთან ბიძინა გიორგობიანის გადადგომა მოითხოვეს

timer.ge

თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრა გახდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა არქი ჯგუფს იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ნებართვა უკანონოდ მისცა.

მოქალაქეთა პროტესტს შეუერთდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ ბიძინა გიორგობიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, მისი დანიშვნა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე იგეგმება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მხარს უჭერს მოთხოვნას ბიძინა გიორგობიანის გადადგომის შესახებ. საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხეების მოჭრის საკითხზე ნებართვის გაცემა შესაბამისი სამსახურის პრეროგატივაა. ბაბუნაშვილის თქმითვე, ბიძინა გიორგობიანთან კითხვები აქვს და მის საკრებულოში დაბარების უახლოეს დღეებში გეგმავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ბიძინა გიორგობიანი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის პოსტს არ დატოვებს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

კომენტარები